ბიოგრაფია

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვეXV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
                   შოთა რუსთაველი
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირითამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანისზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძეგ. წერეთელია. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიმოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყომეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.

განათლება

შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ – ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნულიარაბული და სპარსულიენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლესჰერაკლიტესპლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსიგურგანინიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

მემკვიდრეობა

საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისისმთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.


შოთა რუსთაველი
(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი  პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს“ თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ.  „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.
ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი?  - დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.
რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი“. ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.
შოთას დედ-მამა ბავშვობაში დაჰხოცვია და ობლად დარჩენილა. მზრუნველად გამოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში მიუბარებია. ადრე ეკლესიებთან არსებობდა სკოლები, სადაც მღვდლები წერა-კითხვას და საღმრთო წერილს ასწავლიდნენ. საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ ტბეთის მონასტრის სკოლაში, რომელიც მახლობლად მდებარეობდა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა ბიძას კახეთში წაუყვანია და გრემის სასწავლებელში მიუბარებია, სადაც მას ხუთი წელი გაუტარებია. შემდეგ კი კახეთშივე, იყალთოს აკადემიაში გადაუყვანია, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს არსენ იყალთოელმა დააარსა და რომელიც მაშინდელ საქართველოში უპირველესი სასწავლებელი იყო. სწავლის გათავების შემდეგ შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც სწავლა-განათლების უდიდეს კერას წარმოადგენდა. იქ მრავალი ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად.
ქალაქ ათენში შოთას შეუსწავლია სხვადასხვა მეცნიერებანი: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. სწავლის დასრულების შემდეგ შოთა სამშობლოში დაბრუნებულა, სადაც უკვე კარგა ხნის გამეფებული ყოფილა თამარი.


თამარ მეფე
ამ დროს ბრძენი და ღვთისმოსავი მეფის წყალობით ქვეყანა მეტად გაძლიერებული და განვითარებული იყო. ყველა ხოტბას ასხამდა და აღმერთებდა მეფეს. შოთაც მოუხიბლავს თამარის სულიერ და ფიზიკურ მშვენიერებას და მას რამოდენიმე ლექსი მიუძღვნია სათაყვანო დედოფლისათვის. ნიჭიერ პოეტს მალევე მიუქცევია თამარის ყურადღება, რომელიც ჭკუა-გონებასა და განათლებას დიდად აფასებდა და შოთასთვის უმთავრესი თანამდებობა, მოლარეთუხუცესობა, ჩაუბარებია.
ცოტა ხანში შოთა პოემის წერას შეუდგა. მან მოიწადინა, გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებითა და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ქართველი ერის ღირსებანი და თვისებანი. მაგრამ რადგან თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, მან პოემას არაკის ფორმა მისცა, მოქმედება არაბეთსა და სხვა უცხო ქვეყნებში გადაიტანა და მოქმედ პირებსაც არაბული სახელები უწოდა.  თავის ქმნილებას შოთამ დაარქვა „ვეფხისტყაოსანი“, რადგან პოემის მთავარ გმირს ვეფხვის ტყავი აცვია. როცა თხზულება დაასრულა, მშვენივრად გადაწერილი   წარუდგინა დედოფალს. თამარმა ნადიმი გამართა, განთქმული და წარჩინებული პირები მოიწვია და მათ წინაშე თვითონ ავტორს წააკითხა პოემა. ყველა აღტაცებული დარჩა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, აზრის მოქნილი გამოხატვა, მშვენიერი ლექსთწყობა და სამაგალითო ენა. აგრეთვე დიდად მოიწონეს პოემის მიმართულება, რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ნიჭის დაფასება, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, სულის ძლიერება, უშიშობა და სხვა. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველი პირველ პოეტად აღიარა. თამარმა მადლობისა და წყალობის ნიშნად ხელიდან ძვირფასი ბეჭედი წაიძრო და მგოსანს უბოძა. ხოლო თამარის მეუღლემ - დავითმა - ხმალი მოიხსნა და შოთას გადასცა. საზოგადოებამ კი ძვირფას თვლებში ჩასმული კალამი მიართვა დიდ პოეტს.
„ვეფხისტყაოსანი“ მალე განითქვა. ის ყველამ შეიყვარა და ბევრი გამონათქვამი ანდაზადაც იქცა. პოემის განთქმულობას ხელს უწყობდა პოეტის იშვიათი პიროვნული თვისებები. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, მეტად ზრდილი, დარბაისელი, ჭკვიანი, მიმზიდველი და ფრიად განსწავლული, რომლის ბადალი მთელს სამეფოში არ იყო.
გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი ცხოვრების ბოლო წლებში იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. იქ ერთ-ერთ სვეტზე ახლაც შემონახულია მისი ფრესკა.











Комментариев нет:

Отправить комментарий